2025 წლის 28 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU), სტუდენტური კლუბის – Student Support Community და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების დღე – ვარდისფერს მიღმა გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო საქართველოსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადების — ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომლის ადრეული აღმოჩენა და პროფილაქტიკა მნიშვნელოვნად ზრდის გამოჯანმრთელების შანსებს. ასევე, სტუდენტებსა და საზოგადოებაში ჯანმრთელობისადმი პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერება.
ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ ლაზარაშვილმა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ელენე ზურაბიშვილმა გახსნეს. მათ ხაზი გაუსვეს ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელობას დაავადებათა პრევენციის პროცესში. ღონისძიების მთავარმა მომხსენებელმა – მარიამ ხარაიშვილმა (მეან-გინეკოლოგი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი) აუდიტორიას გააცნო ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული ნიშნების ამოცნობისა და თვითგასინჯვის ტექნიკების შესახებ.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქტიულ ვორქშოპში, სადაც სიმულაციური მოდელების გამოყენებით ჩატარდა პრაქტიკული დემონსტრაციები, რაც მათ საშუალებას აძლევდა შეესწავლათ და პრაქტიკულად განეხორციელებინათ სწორი თვითგასინჯვის მეთოდები. სესიას თან ახლდა ინტერაქტიული კითხვებისა და პასუხების სექცია, ასევე ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა სტუდენტთა აქტიურ ჩართულობასა და ცოდნის გაზიარების წახალისებას.




























































