აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ორგანიზებითა და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციასთან (EUA) თანამშრომლობით, საერთაშორისო ვორქშოპი „განათლება მდგრადი განვითარებისათვის: გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართა.
ვორქშოპს უძღვებოდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ვიცე-პრეზიდენტი, ბრეშას უნივერსიტეტის პროფესორი და GARR-ის კონსორციუმის პრეზიდენტი (იტალია) მაურიციო ტირა. მან მონაწილეებს გააცნო EUA-ს ახალი სტრატეგიული დოკუმენტი „განათლება 2030-ის მიღმა“ და ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მდგრადი განვითარების პროცესში უმაღლესი განათლების როლის გაძლიერებას უკავშირდება.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადობის პრინციპების ინტეგრირებას სწავლებაში, კვლევაში, უნივერსიტეტის მართვასა და სოციალურ პასუხისმგებლობაში. მონაწილეებმა განიხილეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევები, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და იმსჯელეს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
ვორქშოპს დოქტორანტებთან ერთად ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის უნივერსიტეტებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები საქართველოდან. ღონისძიებამ შექმნა პროფესიული დიალოგის სივრცე განათლების პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფისა და საუნივერსიტეტო საქმიანობის მიმართულებით მომუშავე წარმომადგენლებისთვის და ხელი შეუწყო რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.
საერთაშორისო ვორქშოპი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მდგრადი განვითარების საკითხების მნიშვნელობას უმაღლეს განათლებაში და უნივერსიტეტების როლს პასუხისმგებლიანი, ინკლუზიური და მომავალზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებაში.
























