მიმდინარე წლის 20-21 აპრილს პოლონეთში, ქალაქ გდანსკში, გაიმართა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) გენერალური ასამბლეა და ყოველწლიური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ადმინისტრაციულ საკითხებში ვიცე-რექტორმა, თეა იმედაძემ. ღონისძიებას გდანსკის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
EUA გენერალურ ასამბლეაზე ასოციაციის წევრებმა ასოციაციის ახალი პრეზიდენტი იოსეფ მ. გარელ გუიუ (ესპანეთი) და მმართველი საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩიეს. სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ასოციაციის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის ბიუჯეტი. ამასთანავე, იმსჯელეს ასოციაციის მიღწევებზე, 2023 წლის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე.
ვიზიტის ფარგლებში ვეცე-რექტორმა თეა იმედაძემ გამართა შეხვედრები ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და გდანსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან. შეხვედრებზე დაისახა უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია არის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი უნივერსიტეტების გაერთიანება ევროპაში. იგი აერთიანებს 800 უნივერსიტეტს და რექტორების ეროვნულ კონფერენციას 48 ევროპული ქვეყნიდან. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი იყო პირველი ქართული კერძო უნივერსიტეტი, რომელმაც 2021 წელს მოიპოვა ასოციაციის ინდივიდუალური სრული წევრის სტატუსი.