ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში ინკლუზიური სოციალური დაცვის აკადემიური კურსის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყო. ინიციატივის მიზანია სოციალური დაცვის სფეროში აკადემიური ცოდნის გაღრმავება და საქართველოს საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების განვითარება.
ინიციატივაში საქართველოს 6 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან პროექტში მონაწილეობენ განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი და ასოცირებული პროფესორი ეკა გიგაშვილი.
ინიციატივის ფარგლებში პირველი ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გაიმართა ინკლუზიური სოციალური დაცვის აკადემიური კურსის განვითარების მხარდასაჭერად საერთაშორისო პარტნიორებთან – UNU-MERIT / Maastricht University (ნიდერლანდები), რომლებიც გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით კურსის შემუშავების პროცესში არიან ჩართული. ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო კურსის კონცეფცია, საქართველოს კონტექსტთან შესაბამისობა და უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის შესაძლებლობები.
პროექტის შემდგომ ეტაპზე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ გაეროს უნივერსიტეტის მაასტრიხტის კვლევითი ინსტიტუტის (UNU-MERIT) და პროექტში ჩართული საქართველოს ექვსივე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები. შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან დაესწრო განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი.
ინიციატივის ფარგლებში შემუშავდება ერთსემესტრიანი აკადემიური კურსი და შესაბამისი სასწავლო მასალები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს დაეფუძნება და საქართველოს კონტექსტსა და საჭიროებებს მოერგება. პროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და შემუშავებული კურსის საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მონაწილეობა ინიციატივაში ხელს შეუწყობს ინკლუზიური სოციალური დაცვის მიმართულებით თანამედროვე აკადემიური ცოდნის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.










