აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.
აღნიშნული ფორუმი ჩატარდა საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერთა ასოციაციის (PDPOA) ორგანიზებით, ევროპის მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ფედერაციასთან (EFDPO) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის „სახელმწიფოსა და სამართლის კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლობით, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაციებსა და დარგის ადგილობრივ წარმომადგენლებს.
ფორუმში მონაწილეობდნენ საფრანგეთის, საბერძნეთის, სლოვაკეთის, ნორვეგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაციების თავმჯდომარეები, საქართველოდან საჯარო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანი იყო საჯარო ინფორმაციისა და მონაცემთა დაცვის სამეცნიერო და პრაქტიკული ასპექტების განხილვა, საქართველოსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გააზრების ხელშეწყობა, პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვა-განვითარება და ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
ფორუმი მიმდინარეობდა ორი დღის განმავლობაში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა:
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პერსონალური მონაცემების დაცვა;
- მონაცემთა დაცვის რეგულაციები და ინტერესთა კონფლიქტი;
- მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა, საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო;
- ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოების საკითხები ოფიცრის საქმიანობაში.
ფორუმის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.
საერთაშორისო ფორუმმა ხელი შეუწყო პროფესიული დიალოგის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და მონაცემთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.






























































