აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) წარმომადგენლებმა Erasmus+ პროგრამის პერსონალის მობილობის ფარგლებში, 8-12 ივნისს მონაწილეობა მიიღეს ტუშას უნივერსიტეტის (University of Tuscia) მიერ ორგანიზებულ პერსონალის მე-7 საერთაშორისო კვირეულში.
ინოვაციებისა და აკადემიური თანამშრომლობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა უნივერსიტეტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციას ტუშას უნივერსიტეტში წარმოადგენდა იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ბაქარ მაცაბერიძე; ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი ნათია დაღელიშვილი; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, პროფესორი ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე; სასწავლო პროცესის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი ნინო ბეგიაშვილი; ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან ჩერქეზიშვილი; უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის უფროსი მარიამ ლიკლიკაძე.
კვირეულის მთავარ საკითხებად განისაზღვრა ხელოვნური ინტელექტი, ინკლუზია და მდგრადობა უმაღლეს განათლებაში. თემატური პრეზენტაციებისა და დისკუსიების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს აღნიშნულ მიმართულებებთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და წარმატებულ პრაქტიკებზე. მონაწილეებმა განიხილეს ორმაგი ხარისხის (Double Degree) პროგრამები და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები, რომლებიც პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ქსელური აქტივობებისა და მრგვალი მაგიდის დისკუსიების ფორმატში განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში EEU-ს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით. ამასთან, კვირეულში მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან კონტაქტების გაცვლისა და პროფესიული ქსელების გაფართოების გზით შეიქმნა ახალი საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. ასევე, გაიმართა შეხვედრა ბინაციონალური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან. შეხვედრაზე გაცვლით პროგრამაში მონაწილე EEU-ს სტუდენტებმა განიხილეს ტუშას უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.
ბინაციონალური სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, EEU-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლების მეორე წელი გაატარონ ტუშას უნივერსიტეტში Erasmus+ -ის დაფინანსებით და კრედიტების აღიარების საფუძველზე მიიღონ როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის, ასევე ტუშას უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მაგისტრის ხარისხი.












