აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით და სპეციალური განათლების პედაგოგთა ასოციაციის ცენტრთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო კვირეულის (UNESCO) ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია-ვორკშოპი: ,,განათლება კეთილდღეობისთვის’’.
კონფერენცია-ვორკშოპის მიზანს წარმოადგენდა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების აქტუალურ საკითხებზე მიმდინარე კვლევების შედეგების განხილვა, იდეებისა და მიგნებების ურთიერთგაცვლა, პროდუქტიული დისკუსიების წარმართვა.
კონფერენცია-ვორკშოპი გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა. მონაწილეებს მიესალმა EEU-ს აკადემიური კოლეგიის თავმჯდომარე და კონფერენცია-ვორკშოპის მოდერატორი – პროფესორი დავით ჩერქეზიშვილი. მონაწილეებს ასევე მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები: მარიამ ჩიქობავა (სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) და ეკა რურუა (უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მ/შემსრულებელი), სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ფარჯანაძე.
კონფერენცია-ვორკშოპს ესწრებოდნენ უმაღლესი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ცენტრებისა და ასოციაციების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და დოქტორანტები.
ვორკშოპი პროფ. დავით ჩერქეზიშვილის მოდერატორობით მიმდინარეობდა ორ სესიად:
- სესია I – სკოლამდელი და სასკოლო განათლება;
- სესია II – უმაღლესი განათლება;
კონფერენცია-ვორკშოპი წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში და მონაწილეებმა მოახდინეს საკუთარი პოზიციების, იდეების და მიგნებების ურთიერთგაცვლა; ვორკშოპზე აქცენტები გაკეთდა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.
კონფერენცია-ვორკშოპზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცემა სამეცნიერო შრომების კრებულის სახით.
კონფერენციის დღის წესრიგი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2023/12/WORKSHOP-AGENDA.pdf