მიმდინარე წლის 29 მაისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ორგანიზებითა და გერმანიის აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან პარტნიორობით, საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით ჩერქეზიშვილმა და აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორმა ტომას ლაუერმა. კონფერენციიის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს პროფ. კახაბერ ლაზარაშვილმა (ვიცე-რექტორი საერთაშორისო სამეცნიერო და საკითხებში), პროფ. დავით სიხარულიძემ (სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი);
კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მასშტაბური ხასიათი მიიღო. მასში მონაწილეობდნენ EEU-სა და აშაფენბურგის უნივერსიტეტის განათლების, ბიზნესის, სამართლის, ჯანდაცვისა და არქიტექტურის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები. მათთან ერთად, საკუთარი ნაშრომები წარმოადგინეს სტუდენტებმა თბილისისა და რეგიონების სხვადასხვა საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტებიდან.
ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა წარმოადგინეს აქტუალური მოხსენებები, გამართეს იდეებისა და მიგნებების ურთიერთგაცვლა და ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციას ესწრებოდნენ EEU-ს სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების დასასრულს, ყველა მონაწილე სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატი.


























































