სომხეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას.
საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.
პროგრამის მიხედვით სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის ყველა მიმართულებით წლიურად გაიცემა 10 სტიპენდია. პროგრამის ფარგლებში სომხეთის მხარე გამარჯვებულ კანდიდატებს უზრუნველყოფს:
- სომხეთის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურისგან გათავისუფლებით არაუმეტეს 1 000 000 სომხური დრამის ოდენობით;
- ყოველთვიური სტიპენდიით, სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს 50 000 სომხური დრამისა;
- სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში განთავსებით;
- ბიბლიოთეკებით, არქივებით, ლაბორატორიებითა და სხვა აკადემიური რესურსებით სარგებლობის უფლებით.
კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოს სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმები. განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია სპეცლიაური ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით (https://studyabroad.mes.gov.ge). ელექტრონულ სისტემაში განაცხადის წარმოდგენით სტუდენტი გამოხატავს თანხმობას, რომ სამინისტრომ პროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მათ შორის შერჩეული კანდიდარების მონაცემებს გადასცემს სომხეთის მხარეს.


