აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 29-30 ოქტომბერს ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,უნივერსიტეტების დანიშნულება და ინსტიტუციონალური ავტონომია: გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე.“
კონფერენციის მიზანი: საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში საქართველოს უმაღლესი განათლების იმ პრობლემების გაანალიზება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებასთან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს შემდეგ შეკითხვებს:
- რა უნდა იყოს უმაღლესი განათლების დანიშნულება საქართველოში?
- რომელია თანამედროვე საქართველოს უმაღლესი განათლების ძლიერი და სუსტი ასპექტები?
- რა საშუალებებით შეიძლება ნაკლოვანებების და ხარვეზების აღმოფხვრა?
- როგორ შეუძლია უმაღლეს განათლებას, ხელი შეუწყოს ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას?
- როგორ ეკონომიკურ გარემოში ფუნქციონირებს უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში და ამ კუთხით რაში მდგომარეობს მისი მთავარი გამოწვევები?
- რამდენად ავტონომიურია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოში?
- როგორია აკადემიური თავისუფლების ხარისხი საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში?
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები უნდა ეხებოდეს უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ მიმართებას საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცესთან. ისინი შესაძლოა, ემყარებოდეს როგორც თეორიულ, ასევე, ემპირიულ კვლევებს (საქართველოსა და საერთაშორისო კონტექსტში) შემდეგი. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება უნდა ემყარებოდეს ორიგინალურ კვლევას, რომელიც სხვაგან არ არის გამოქვეყნებული
კონფერენცია ფარავს შემდეგ საკითხებს: უნივერსიტეტის დანიშნულება, აკადემიური თავისუფლება, ავტონომიურობა, მმართველობა, ინტერნაციონალიზაცია, დასაქმება და ა.შ.
- კონფერენციის პირველი დღე – „უნივერსიტეტის დანიშნულება’’;
- კონფერენციის მეორე დღე – „უნივერსიტეტების ინსტიტუციონალური ავტონომია’’;
პირველი და მეორე დღის ბოლოს გაიმართება დისკუსიები. კონფერენციის დასასრულს შემუშავდება შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელშიც აისახება კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების განხილვის შედეგები და განისაზღვრება ის რეკომენდაციები, რომელიც უპასუხებს კონფერნციის მიზანს.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: დოქტორანტურის სტუდენტები, პოსტ-დოქტორანტები, მკვლევარები, დარგის სპეციალისტები ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
შეხვედრის ფორმატი: შერეული (პირისპირი + ვირტუალური)
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
რეგლამენტი: მოხსენება – 20 წთ; კითხვა – პასუხი – 10 წთ.
კონფერენციაში მონაწილეობის საფასური: სრულად ფინანსდება ორგანიზატორი უნივერსიტეტების მიერ



რონალდ ბარნეტი არის უმაღლესი განათლების ემერიტუსი პროფესორი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტში (სადაც იგი თავდაპირველად იყო პროფესიული განვითარების დეკანი, ხოლო შემდგომში – ვიცე-დირექტორი გრძელვადიანი სტრატეგიის განვითარების კუთხით). იგი არის „უმაღლესი განათლების ფილოსოფიისა და თეორიის საზოგადოების“ დამფუძნებელი. თავისი შრომებით რონალდ ბარნეტმა ბიძგი მისცა ახალი ქვედარგის, უმაღლესი განათლების ფილოსოფიის განვითარებას. პროფ. ბარნეტს გამოცემული აქვს 35-ზე მეტი წიგნი უმაღლესი განათლების სფეროში, მათ შორის: „უმაღლესი განათლების იდეა“ (1990 წ.), „უნივერსიტეტის რეალიზაცია სუპერკომპლექსურობის ეპოქაში“ (2000 წ.), „უნივერსიტეტის გააზრება: ინსტიტუცია, იდეა, შესაძლებლობები“ (2016 წ.), „ეკოლოგიური უნივერსიტეტი: განხორციელებადი უტოპია“ (2018 წ.) და სხვ.
პიტერ მაასენი არის უმაღლესი განათლების პროფესორი და ოსლოს უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის საგანმანათლებლო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე / სამეცნიერო კოორდინატორი, სადაც იგი, ასევე, არის Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის აკადემიური კოორდინატორი. 1997-2000 წლებში პროფ. მაასენი იყო ტვენტეს უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) უმაღლესი განათლების პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის (CHEPS) დირექტორი. მისი კვლევის სფეროებია: საჯარო მმართველობა (მათ შორის, პოლიტიკის რეფორმა და ინსტიტუციური ცვლილებები), უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და მენეჯმენტი, ორგანიზაციული ცვლილებები უმაღლეს განათლებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეკონომიკური როლი OECD-ის და სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში.