2024 წლის 30 სექტემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, ERASMUS+ -ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ნიქოზიის უნივერსიტეტის პროფესორები, პანაიოტის ანგელიდესი და კრისტინა ჰაჯისოტერიოუ, ეწვივნენ. პროფესორი პანაიოტისი ასევე ნიქოზიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორია აკადემიური საკითხების მიმართულებით, ხოლო პროფესორი კრისტინა განათლების სკოლას წარმოადგენს. მათი კვლევითი ინტერესები დაკავშირებულია როგორც ინტერკულტურულ, ასევე ზოგად და უმაღლეს განათლებასთან.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორები შეხვდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ ლაზარაშვილს, განათლების მეცნიერებებისა და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტსა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტებს. შეხვედრებზე განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი პროექტები.
ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ვორქშოპი განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალისთვის.
ღონისძიება გახსნა განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან აფთარაშვილმა. შეხვედრის ფარგლებში, პროფესორმა პანაიოტისმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ნიქოზიის უნივერსიტეტი, მათი საგანმანათლებლო პროგრამები და კვიპროსის განათლების სისტემა. პროფესორმა კრისტინამ კი წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „მრავალფეროვნება და ინკლუზიური განათლება გლობალურ სამყაროში“.
ვორქშოპი დასრულდა შემაჯამებელი დისკუსიით, სადაც სპიკერებმა დეტალურად უპასუხეს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.