აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის Sports and Cultural Society (SCS)-სა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის სპორტული ღონისძიებების სერია გაიმართა.
ტურნირი მოიცავდა სხვადასხვა სპორტის სახეობას: ჭადრაკს, გოგონათა და ვაჟთა კრიკეტს, ფეხბურთს, ხელბურთს, სროუბოლს, გოგონათა და ვაჟთა მაგიდის ჩოგბურთს და დოჯბოლს. სპორტული აქტივობების სერია 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში 200-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური სახით.
სპორტულ ტურნირში სტუდენტებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. დავით ჩერქეზიშვილიც ჩაერთო. ის მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის ფინალისტებს დაუპირისპირდა და მათთან ამხანაგური მატჩები გამართა.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულები – პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი სტუდენტები და გუნდები EEU კულტურის ფესტივალზე – Charisma 2026-ზე მედლებითა და თასებით საზეიმოდ დაჯილდოვდებიან.
სპორტულმა ღონისძიებებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სტუდენტების აქტიურ ჩართულობას, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას.













































































