აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის (PMSW) ინიციატივითა და უწყვეტი განათლების ცენტრის (LLC) ორგანიზებით 2024 წლის 29 მარტს ვორქშოპების სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი. კვლევითი ცენტრის მიერ მოწვეულმა სპიკერებმა საკუთარი მოსაზრებები, პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიება გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა.
კახაბერ ლაზარაშვილი მიესალმა სტუმრებს და წარუდგინა პრეზენტაცია ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე საუბარი განაგრძო არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა“ დამფუძნებელმა, მაია ჯიბუტმა. მან სტუდენტებს გააცნო ახალგაზრდების კეთილდღეობის შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგები და ის ტენდენციები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით შეინიშნება საქართველოში.
მედიცინის მეცნიერებთა დოქტორმა, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ხელმძღვანელმა ეკატერინე სანიკიძემ სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის და პრევენციის შესახებ.
ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მენტალურ კეთილდღეობასაც. სტუდენტთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და პრობლემებზე ისაუბრა EEU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა, ნანა გოგიჩაშვილმა.
ვორქშოპი დასრულდა შემაჯამებელი დისკუსიით, სადაც სპიკერებმა დეტალურად უპასუხეს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.